წინაისტორია
სირაკუზების ტირან აგაფოკლეს გარდაცვალების შემდეგ, კამკპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი თავს დაესხნენ სიცილიურ ქალაქ მესინას და აიღეს იგი. რეგიის მოსახლეობა შეშინდა კამპანიელების თარეშით, და მათ დაცვა და დახმარება რომს სთხოვეს. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიის მოსახლეობა დაარბია. აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარები გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზების ახალი ტირანი გიერონი იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხვდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა რომ ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.
ბრძოლის მიმდინარეობა
სიცილიაში გაგზავნილ იქნა რაზმი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. მამერტინელებმა ანმასობაში უკვე განდევნეს კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა ჯვარს აცვეს მხედართმთავარი ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის. კართაგენის ფლოტი სიცილიის ჩრდილოეთ კიდესთან განლაგდა, ხოლო არმია მესინას მახლობლად და დაიწყეს ქალაქის ალყა.
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე სხვადასხვა ისტორიკოსების მონათხრობი იმდენად განსხვავებულია, რომ მოვლენების მსვლელობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანეუს ფლორუსი და პავლე ოროზიუსი წერენ, რომ კლავდიუსმა იმდენად მალე წარმოაჩინა თავისი უპირატესობა, რომ ჰიერონიმე შეშინდა და თავი ბრძოლამდე დამარცხებულად სცნო.
პოლიბიუსი წერს ფაბიუს პიქტორზე დაყრდნობით რომ კლავდიუსმა ღამე გადაკვეთა სრუტე მესინასთან, მან ჯერ ელჩები გაგზავნა სირაკუზელებთან და კართაგენელებთან, ქალაქის ალყის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მაშინ კლავდიუსი ჯერ სირაკუზელებს დაესხა თავს და ცხარე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, ღამე კი მათ დატოვეს ბანაკი. მეორე დღეს კი კლავდიუსი კართაგენელებს შეებრძოლა და დაამარცხა.
დიოდორე სიცილიელის ვერსიით რომაელები სირაკუზელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თავი ქალაქს შეაფარეს, ღამე კი ჰიერონიმემ ჩათვალა რომ კართაგენელებმა უღალატეს, გადაწვა ბანაკი და სირაკუზებში დაბრუნდა.
ზონარას და დიონის გადმოცემით რომაელთა და სირაკუზელთა ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, მაგრამ ქვეითებმა გაიმარჯვეს. ჰიერონიმემ თავი ჯერ მახლობელ მთებს შეაფარა, შემდეგ სირაკუზებში დაბრუნდა. ამის მერე რომაელებმა კართაგენელთა ბანაკს შეუტიეს. ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ, კართაგენელები დაედევნენ, რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესინადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.
უკანასკნელმა ვერსიამ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მესინას ალყა ძვ. წ. 263 წლამდე გრძელდებოდა და შემდეგი წლის კონსულმა მანიუს ვალერიუს მაქსიმუსმა გაათავისუფლა ქალაქი. სავარაუდოთ მისი მეტსახელი მესალაც ამ წარმატებასთანაა დაკავშირებული. სხვა ჰიპოტეზებით, ამ წელს ვალერიუსმა სირაკუზებზე გაილაშქრა. ხოლო კართაგენელების ბანაკს რაც შეეხება ალბათ უკვე სხვა გამაგრებებიდან ვერ ბედავდნენ გასვლას.
Комментариев нет:
Отправить комментарий